Wednesday 6 September 2023


შესავალი

           დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპორტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. სპორტის ყველა პედაგოგის მისიაა, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სპორტი ადამიანის  და მეტადრე მოზარდის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი და ხშირად, შეუცვლელი წამალია.

      საჯარო თუ კერძო  სკოლებში სპორტის სწავლების არასწორმა და ხშირად არარსებულმა დინამიკამ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის, საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიღო. სწორედ ამ პერიოდში აღირიცხა საქართველოს მოზარდებს შორის ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის და თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. სპორტი აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ და ვასწავლოთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ, მის თავიდან აცილებას, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი. ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ სპორტის გაკვეთილები.

რატომ შეუყვარდათ მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები?

   მე, როგორც მასწავლებელი ვითვალისწინებ ყველა მოსწავლის შესაძლებლობას, მათ ინტერესებსა და საჭიროებებს.  ინდივიდუალურად ვუდგები თითოეულ მათგანს. გაკვეთილებზე ხშირად მათი ტოლი ვხდები, მათთან ერთად ვთამაშობ, მათი მეგობარიც ვარ. მოდიან ჩემთან  რჩევის საკითხავად. მყავს, კიდევ, ფიზიკურად სუსტი მოსწავლეები, რომელთაც უჭირთ რომელიმე აქტივობის შესრულება, ან შიში აქვთ აქტივობაში მონაწილეობის.  ამ შიშის და შფოთვის დასაძლევად მათ  თავისივე ძალის მოსწავლეს ვუყენებ გვერდით,   ან მე ვუდგები წყვილში და ვთამაშობ მათთან ერთად. ასეთი მიდგომებით მოსწავლეთა დაძაბულობა იკლებს   და  უმაღლდებათ თვითრწმენა.

  რთული ქცევის მოსწავლეებთან ძნელია მუშაობა, მაგრამ აქაც ვახერხებ სიტუაციის კონტროლს. მოსწავლეს, რომელსაც ვთვლი, რომ დახმარება სჭირდება, ვიყენებ ჩემს გვერდით და ჩემთან ერთად ვატარებინებ გაკვეთილს. ვასაქმებ, გარკვეულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ და თვითონვე ხვდებიან, რა რთულია, როდესაც მოსწავლე ცუდად იქცევა და ცდილობს გაკვეთილის ჩაშლას. ამის შემდეგ ცდილობენ, რომ სრულფასოვნად ჩაერთვნონ საგაკვეთილო პროცესში.

      ჩემი მიზანია, მოსწავლეს განუვითარდეს  ფსიქო-ფიზიკური შესაძლებლობები, აუმაღლდეს  პირადი და სოციალური კეთილდღეობა, გაეცნოს  ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების  მნიშვნელობას, გამოუმუშავდეს მოსწავლის ფიზიკური აქტივობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებისამოქალაქო უნარ-ჩვევები, როგორიცაა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობა, კონსტრუქციული თანამშრომლობა, შემწყნარებლობათვითკონტროლისა და ორგანიზებულობის უნარები.

 

     ჩემმა მოსწავლეებმა  იციან, რომ  სპორტი ადამიანის ჯანმრთელობის წინაპირობას წარმოადგენს. ფიზიკური აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს გონების განვითარებაში და სწავლაშიც უწყობს ხელს. კვლევებმა აჩვენა, რომ სპორტით დაკავებული და ფიზიკურად აქტიური ბავშვები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ სწავლაში და მეტად გონებაგახსნილები არიან ვიდრე ისინი, ვინც არ არიან ფიზიკურად აქტიურები.

    ვთვლი, რომ მშობლებს დიდი როლი აკისრიათ  შვილების ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში. მშობელთა ჩართულობის გასაძლიერებლად სკოლაში ვაწყობთ მშობლების და შვილების  ,,მხიარულ სტარტებს’’ , სადაც აქტიურად ერთვებიან როგორც მამები ისე დედები.

   ვატარებთ პროექტებს მავნე ჩვევებზე- ,,ალკოლოლიზმი‘’, ,,ნარკომანია’’, ,,აზარტული თამაშები‘’,  ,,გაჯეტდამოკიდებულება’’, რათა მოსწავლეებს ვასწავლოთ, რა უარყოფითი ზეგავლენა მოაქვს ამ ყველაფერს მოზარდის ორგანიზმზე და მათ ცხოვრებაზე. ეს მათ დაეხმარებათ, რომ  არ მოხვდნენ მავნე ჩვევების ზეგავლენის ქვეშ.

      ასევე, სკოლაში, ფიზიკურ აქტივობებში ჩართულნი გვყვავს სკოლის  პედაგოგებიც. ვატარებთ შიდა შეჯიბრებებს, რომელშიც დიდი ხალისით ერთვება ყველა მასწავლებელი, რადგან იციან, რომ  მათი ჯანმრთელობისთვის ეს აუცილებელიცაა. ამ ტიპის აქტივობებით ისინი სტიმულს აძლევენ მოსწავლეებს.
  მოზარდისთვის/ახალგაზრდისთვის სპორტი, გარდა ჯანმრთელობისა, არის მეგობრების შეძენის, თანატოლებთან  ურთიერთობების, ჯგუფურ აქტივობებში ჩართვისა და საჯარო აღიარების მოპოვების შესაძლებლობა. ამისათვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სკოლებთან და ვაკეთებთ ერთობლივ პროექტებს, რათა თანამშრომლობითი უნარი განვუვითაროთ მოსწავლეებს.

       ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, იყოს აქტიური და მისდიოს სპორტს მიუხედავად სქესისა, უნარებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა. ამისთვისაც ვაწყობთ პროექტებს სახელწოდებით ,,ქალი და სპორტი’’, რათა მოსწავლეებს გავაცნოთ გამოჩენილი ქალი სპორტსმენები და მათი მიღწევები.

       მოგეხსენებათ, საქართველოში დგას ჭარბწონიანობის პრობლემა როგორც ზრდასრულებში, ასევე მოზარდებში. იმისათვის, რომ გავზარდოთ ამ კუთხით მოზარდების ცნობიერება, ვაწყობთ პოექტებს ,,ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები’’,  ,,ვიტამინები და სპორტი’’, რომლის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან და გამიჯნავენ ერთმანეთისგან ორგანიზმისთვის სასარგებლო და მავნე საკვებს.
        ახალგზრდები, რომლებიც ჩართული არიან სპორტულ აქტივობებში, არიან უფრო ჯანმრთელები, აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება, ისინი მეტად გახსნილები და აქტიურები არიან და ჭარბწონიანობაც არ აწუხებთ.

       

       მე, როგორც სპორტის მასწავლებელი, მოტივაციას, სტიმულსა და მაგალითს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით, იყვნენ ლამაზები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერადჩვენი სლოგანიც სწორედ ესაა: ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!”


             




  

შესავალი              დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპორტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია . სპორტის ყველა პედაგოგის მისიაა , სკოლ...